ომპლექსი გუდაური უკრაინულმა კომპანიამ იყიდა
კურორტ გუდაურის ახალი მფლობელი უკრაინული `პრივატ" ჯგუფია, რომელმაც აქციათა 87% 14,5 მილიონ დოლარად იყიდა. არსებული ინფორმაციით ინვესტორმა საქართველოს ბიუჯეტში უკვე გადარიცხა 10 მილიონი დოლარი.
გუდაურის კომპლექსის აქციების 85%-ის 5 მილიონ ევროდ გაყიდვას მთავრობა ჯერ კიდევ 2008 წლის მაისში გეგმავდა, თუმცა, მაშინ გაყიდვა ვერ მოხერხდა.
უკრაინული ჯგუფი სასტუმრო `გუდაურის" მენეჯმენტში დაახლოებით 2 თვის წინ შევიდა, რაც იმით აიხსნება, რომ ინვესტორებმა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კომპლექსში არსებული მდგომარეობის გაცნობა ისურვეს.
გუდაურის აქტივებში შედის 122 ნომრიანი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, 12 კოტეჯი, 5 საბაგირო გზა, სამთო-სათხილამურო ტრასა, სხვა ნაგებობები და სპეცტექნიკა მთლიანი ღირებულებით 35 მილიონი დოლარი.
ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ინვეტორს შორის არსებული შეთანხმების შედეგად, ინვესტორმა კომპლექსის 6 მილიონიანი დავალიანება ხელშეკრულების ხელმოწერიდან 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.
`პრივატ" ჯგუფის ძირითადი აქციონერი ბიზნესმენი იგორ კოლომოისკია. ჯგუფი ფლობს უკრაინული ფეროშენადნობისა და სამთო გამამდიდრებელი კომბინატების აქციათა საკონტროლო პაკეტებს, ასევე წილებს კომპანიებში `უკრნაფტა", `დნეპროაზოტი" და სხვა საწარმოებში.
რა გაკეთდება პროექტის, ყაზბეგის ბიოსფერული რეზერვატის ფარგლებში?
ემუქრება თუ არა მოსახლეობას საძოვრების ჩამორთმევა?
მიმდინარე წლის გაზაფხულიდან, ყაზბეგის რაიონში პროექტის განხორციელება უნდა დაიწყოს, რომელიც ყაზბეგის ეროვნულ პარკში ბიოსფერული რეზერვატის შექმნას გულისხმობს. პროექტის განსახორციელებლად გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KFჭ) 4 მილიონ ევროს გამოყოფს. პროექტის ფარგლებში, რაიონის მასშტაბით გასულ წელს უკვე ჩატარდა წინასწარი კვლევები. როგორც მოსახლეობასთან შეხვედრისას გერმანული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, პროექტის ფარგლებში, გარდა ბუნების დაცვისა, იგეგმება მრავალი სოციალურ-ეკონომიკური პროექტი განხორციელება, თუმცა ამ ყველაფერმა მოსახლეობაში მაინც დიდი ეჭვები გააჩინა. მათი ნაწილის მოსაზრებით, იგეგმება რაიონში არსებული საძოვრების შემოღობა, რის შემდეგაც ადგილობრივ მოსახლეობას არ შეეძლება მათი გამოყენება. ამან, ბუნებრივია, მოსახლეობა შეაშფოთა და ამ დრომდე მათ არ აქვთ სრული ინფორმაცია თუ კონკრეტულად რა გაკეთდება რაიონში. თუმცა, როგორც პროექტის გამხორციელებლები, ასევე საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელობა და რაიონის ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის ასეთ მოსაზრებას არ ეთანხმება.
გაზეთი `სტეფანწმინდა" მოკლედ გთავაზობთ ინფორმაციას ბიოსფერული რეზერვატის არსის და მისი შექმნის მიზეზების შესახებ. საქართველოს კანონის, დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ, 10-ე მუხლის თანახმად, ბიოსფერული რეზერვატი იქმნება ბუნების, ბუნებრივი პროცესების და ბიოლოგიური მრავალფეროვნების დინამიურ და თვითრეგულირებად მდგომარეობაში დაცვის, გარემოს გლობალური მონიტორინგის, მეცნიერული კვლევების და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის. ბიოსფერული რეზერვატი საჭიროებს ტერიტორიას, რომელზეც მოცემულია საერთაშორისო ღირებულების მქონე ერთი ან რამდენიმე ბუნებრივი და ბუნებრივ-ანთროპოგენული ობიექტი. ესენია:
ბიომენის წარმომადგენლობითი ბუნებრივი ნიმუშები;
განსაკუთრებული ბუნებრივი წარმონაქმნების მომცველი გამორჩეული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიები;
მოცემულ ბიომენში ტრადიციული მიწათსარგებლობის ისტორიულ პროცესში წარმოქმნილი ჰარმონიული ლანდშაფტების ნიმუშები;
ისეთი სახეცვლილი და დეგრადირებული ლანდშაფტები, რომელთა ბუნებრივი მდგომარეობის აღდგენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.
შერჩეული ტერიტორია ბიოსფერულ რეზერვატად დამტკიცდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მას ასეთად აღიარებს `ადამიანი და ბიოსფეროს" იუნესკოს პროგრამის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო.
ბიოსფერული რეზერვატი შეიძლება შედგებოდეს შემდეგი ძირითადი ზონებისგან:
ა) ბირთვის ანუ ბუნების მკაცრი დაცვის ზონა;
ბ) ბუნების მართვადი დაცვის (მანიპულაციების) ანუ ბუფერული ზონა;
გ) აღდგენის ზონა;
დ) ტრადიციული კულტურული ლანდშაფტის ზონა.
ბირთვის ანუ ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში დასაშვებია მხოლოდ მეცნიერული არამანიპულაციური დაკვირვება.
ბუნების მართვადი დაცვის ზონაში დასაშვებია კვლევა-ძიების დაცხისა და აღდგენითი საქმიანობა.
აღდგენის ზონაში დასაშვებია ანთროპოგენიზაციის შედეგად დაზიანებული ტერიტორიების დაცვა და აღდგენა.
ტრადიციულ-კულტურული ლანდშაფტის ზონაში დასაშვებია განახლებადი ბუნებრივი რესურსების ტრადიციული სამეურნეო გამოყენება.
ბიოსფერული რეზერვატის ფარგლებში შესაძლებელია ერთი ან რამდენიმე დაცული ტერიტორიის კატეგორიის ჩართვა (სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია).
ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის ანუ ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში ტერიტორია და ამ ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსები წარმოადგენს მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებას. ამ ზონაში დაუშვებელია ბუნებრივი რესურსების სარგებლობაში გადაცემა.
ბიოსფერული რეზერვატის ბუნების მართვადი დაცვის ზონაში ტერიტორია და ამ ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსები მომთაბარე ცოცხალი ორგანიზმების ჩათვლით წარმოადგენს სახლემწიფოს საკუთრებას.
ბიოსფერული რეზერვატის აღდგენისა და ტრადიციულ-კულტურული ლანდშაფტების ზონებში ტერიტორია და ამ ტერიტორიაზე არსებული ბიოსფერული ბუნებრივი რესურსების ბუნებრივ-კულტურული და ისტორიულ-კულტურული ობიექტები წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, დაიშვება, აგრეთვე, საკუთრების სხვა ფორმები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მართალია, ჯერ-ჯერობით ვერ შევძელით კონკრეტული ინფორმაციის მოპოვება თუ რის განხორციელება იგეგემბა პროექტის ფარგლებში, თუმცა, გაზეთი `სტეფანწმინდა" აუცილებლად გააგრძელებს ამ პროექტის შესწავლას და მომდევნო ნომრებში მასთან დაკავშირებით უფრო დაწვრილებით ინფორმაციას მოგაწვდით.