ჩვენი სარწმუნოება



ბეთლემის სამონასტრო კომპლექსში შედის — ბეთლემის ეკლესია, ქვაჯვარი, “ამირანის ნაქოხარი”, “მარიამ წმინდის საბრძანისი”, “ირმების საწველი”, “ბერების აბანო”, მრავალი მღვიმე და გამოქვაბული და საერთოდ “ნაბერალი”, რომლის საერთო ფართობი 2000 კვ.მეტრს აღემატება. ბაზილიკურ ეკლესიასთან ერთად აქ 40-მდე სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთებია შემორჩენილი.
ბეთლემი მდებარეობს მყინვარწვერის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობზე. მას სამხრეთით ესაზღვრება გერგეტის, ხოლო ჩრდილოეთით აბანოს-მყინვარები. განაშენიანებულია ზემოხსენებულ მყინვარებს შორის გამყოფ სერზე. სამხრეთ-დასავლეთით მას ესაზღვრება “შოთა მიქელაძის ნაბინავარი”, იგი განლაგებულია 4108 მ-ზე და ევროპაში ერთადერთი სამონასტრო კომპლექსია, რომელიც ასეთი მაღალი ჰიფსომეტრული მდებარეობით განისაზღვრება. იგი V-Vl საუკუნით თარიღდება.
1947 წლის ოქტომბერ-ნოემბერში სახკინმრეწვის კინოექსპედიციის მიერ გადაღებული იქნა მყინვარწვერის მაღალმთიანი ობსერვატორიის მოზამთრეების ყოფა-ცხოვრება და შრომა-საქმიანობა. პარალელურად ისინი აწარმოებდნენ მყინვარწვერის მიდამოების და მთამსვლელობის მომენტების გადაღებას, ერთ-ერთ ძნელად გასავლელ კონცხზე ასვლის დროს ლევან სუჯაშვილმა მოპირდაპირე ფრიალო კლდეში შენიშნა რკინის ფირფიტებით შეჭედილი კარები, რომელზედაც გამობმული იყო კლდეზე დაკიდებული რკინის ჯაჭვი. უცბად, შიშის გრძნობამ შეიპყრო მთამსვლელი, მაგრამ მას გაახსენდა თქმულება ბეთლემის შესახებ და ცნობისმოყვარეობით გატაცებულმა იწყო დიდი დაბრკოლების გადალახვა. მან მარტომ მიაღწია კლდის კიდეს, სადაც გადმოკიდებული იყო ჯაჭვი, ხელი მოჰკიდა ჯაჭვს და აღიმართა 6-7 მეტრის სიმაღლის ვერტიკალურად დაყუდებულ კლდეზე. თავად ლევან სუჯაშვილის სიტყვებით: `1947 წლის ნოემბრის თვის პირველ რიცხვებში მწვერვალ მყინვარწვერის სამხრეთ აღმოსავლეთით სალ კლდეში დავინახე ხელოვნურად ნაშენები გამოქვაბულის წინა ხედი, სადაც გარკვეულად შევამჩნიე რკინის კარები და სალ კლდეზე დაშვებული რკინის ჯაჭვი. მაშინვე გამახსენდა ილია ჭავჭავაძის პოემა ”განდეგილი”. აი, სწორედ ეს ის ჯაჭვია, რომელზედაც ”განდეგილის” ავტორი მოგვითხრობს.»
ასვლისას მის თვალწინ გადაიშალა შემდეგი სანახაობანი: ღია ვარდისფერ კლდის გამოქვაბულის შესასვლელში ვერტიკალურად დაყუდებული ხის ექვსი სვეტი, სვეტებს შორის მოთავსებული ხის კარები, რომელიც მთლიანად შეჭედილია რკინის ნაჭერ-ნაჭერი ფირფიტებით. კარის საკეტზე შებმული კლდეზე გადმოკიდებული “საკიდელი” და კარების ზემოთ დატოვებული პატარა სარკმელი... სარკმლიდან გადახედვის დროს მან შენიშნა პრიმიტიულად მოწყობილი პატარა ეკლესია. მეორე დრეს კინოექსპედიციის წევრებთან ერთად ბრუნდება ყაზბეგში და ბეთლემის აღმოჩენის შესახებ აცნობებს რაიონულ კულტურის განყოფილებას.
მწვერვალ მყინვარწვერის სამხრეთ-აღმოსავლეთით კლდოვანი ქედის ფერდობზე, დაახლოებით 4000-4100 მეტრის სიმაღლეზე აღმოჩნდა ილიასეული განდეგილის სენაკი. გამოქვაბულის კარი გამოკვეთილია თითქმის 400 მეტრის სიმაღლის შვეულ, მართლაც “ფრიალოსაებრ ჩამოთლილ” კლდეზე. კლდე შორიდანვე გამოირჩევა თავისი მოწითალო ფერით და სრულიად მიუვალად ეჩვენება თვალს. მანძილი კლდის ფუძიდან კარებამდე 300 მეტრი იქნება, ხოლო კარიდან კლდის წვერამდე 100 მეტრი.
1948 წელს ბეთლემი გამოიკვლია ქართველ მთამსვლელთა ჯგუფმა ალექსანდრა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. გამოქვაბულში ასასვლელად კარიდან გადმოკიდებული იყო 5,5 სიგრძის კრინის ჯაჭვი. ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება რკინის ფირფიტებით შეჭედილი ბეთლემის კარი, სპილენძის
შანდალი, საეკლესიო ინვენტარი, მონეტები ბეთლემის კედელზე ამოკვეთილი წარწერის ფრაგმენტები პალეოგრაფიულად X-XI საუკუნით თარიღდება.