მიმოხილვა


თბილისში ალექსანდრე ყაზბეგის დაბადებიდან 162-ე წლისთავი აღინიშნა 

„ორჯერ დბადებულს ღვთიური მადლით ცხებულს, ერთი სიკვდილი ერას უზამსო“ -ასე წერდა ილია ჭავჭავაძე დიდი ქართველი კლასიკოსის ალექსანდრე ყაზბეგის შესახებ.
      დიახ, ამ სიტყვების დასტური იყო 20 იანვარს სამების საკათედრო ტაძარში არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გამართული ხსოვნის საღამო, რომელიც მიეძღვნა ალექსანდრე ყაზბეგის დაბადებიდან 162-ე წლისთავს. მწერლის სიცოცხლეშიც და გარდაცვალების შემდგეგაც პირველად აღინიშნა ხსოვნის საღამო თბილისში, სადაც მწერალმა სიცოცხლის უკანასკნელი წუთები გაატარა.
   ალექსანდრე ყაზბეგის მოსაგონარი საღამო, მოხევე ახალგაზრდებით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა: შალვა ელოშვილმა, ლიზა ჩქარეულმა და ანა გელაშივლმა, კომპანია „თებულოტურისა“ და ყაზბეგის რაიონის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით მოაწყვეს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მეცნიერ მკვლევარები: როსტომ ჩხეიძე, მექა ხანგოშვილი, ნანა ვალიშვილი, ამირან არაბული, ლადო მინაშვილი, მიხეილ ქურდიანი, ერელე საღლიანი, ნაირა ბიპიევა; ანსამბლები: „ჯვარული“ , „დიდებაი“, „გოგოჭურები“, „შემოქმედი“, „ფიც-ვერცხლი“; მომღერლები: თეონა ქუმსიაშვილი, გელა დაიაური, სულთან ბორჩაშვილი; პოეტები: თენგო ავსაჯნიშვილი, ნინო მარსაგიშვილი, ლია ბედოშვილი.
   მწერლის იუბილეს სამების ახალგაზრდულ ცენტრში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II დაესწრო, რომელმაც შეკრებილი საზოგადოება დალოცა. საღამოზე გამოფენილი იყო ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ხატმწერ ლიზა ჩქარეულის მინიატურები.
    გამომსვლელებმა საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრეს მწერლის შემოქმედებაზე, მათ შორის ალექსანდრე ყაზბეგის ბიოგრაფიული რომანის „ყაზბეგიანის“ ავტორმა ბატონმა ლადო მინაშვილმა, ეთნომუსიკოლოგმა ნანა ვალიშვილმა.
   სინტერესო იყო უხუცესი ქისტის ისტორიკოს-ფილოლოგის ხასო ხანგოშვილისა და მისი ქალიშვილის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ქალბატონ მექა ხანგოშვილის გამოსვლა, რომელთაც ისაუბრეს ჩეჩენ-ქისტების შესახებ ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებაში.
  ქართველი ხალხისადმი დიდი სითბოთი და სიყვარულით სავსე ლექსები წაიკითხა ქალბატონმა ალლა დუდაევამ.
   ხსოვნის საღამოზე მწერლისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს მსახიობებმა ზურაბ ქაფიანიძემ და გია ჯაფარიძემ.
    საკუთარი ლექსები წაიკითხეს პოეტებმა: ტარიელ ხარხელაურმა, ვაჟა ოთარაშვლმა, ლია ბედოშვილმა.
საღამო მიჰყავდა პოეტ თემურ ჩალაბაშვილს, საინიციატივო ჯგუფის წევრ ანა გელაშვილთან ერთად. ღონისძიებაზე უამრავი საპატიო სტუმარი იყო მოწვეული, მაგრამ დროის სიმცირის გამოსვლა ვერ მოხერხდა.
    დასასრულს შეკრებილი საზოგადოება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დალოცა და ალექსანდრე ყაზბეგის, ასევე კავკასელი ხალხების ისტორიული ურთიერთ მეგობრობის შესახებ ისაუბრა.
    ღონისძიების საინიციატივო ჯგუფს გადაწყვეტილი აქვს, ტრადიციულად ყოველი წლის 20 იანვარს აღნიშნოს დიდი ქართველი მწერლის დაბადების დღე.

                                                                                                                         ნუცა ფირანიშვილი
 2010 წელი, მარტი. გაზეთი სტეფანწმინდა N1